ციტრუსოვან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში გენეტიკისა და სელექციის კათედრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე ჩამოყალიბდა 1980 წელს ცნობილი სელექციონერის პროფესორ ფ. მამფორიას ხელმძღვანელობით. როგორც ცნობილია, საქართველოში გასული საუკუნის მეორე ნახევარში ციტრუსოვანი კულტურების სელექციის ხაზით ჩატარებული იქნა ფართო მასშტაბის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ცნობილი მეცნიერების ხელმძღვანელობით. მიღწევებს შორის ყველაზე წარმატებულად უნდა ჩაითვალოს პროფ. ფ. მამფორიას და მისი სკოლის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სელექციური სამუშაოები, რომელთა შედეგადაც გამოყვანილი იქნა ციტრუსოვანთა ძვირფასი ჯიშები: ლიმონის “დიოსკურია”, “ნესტანკა”, ფორთოხლის “მიჩურინის დიდება”, “დაისი”, “ორდო” და “პიონერი”, მანდარინის “ადრეულა” და სხვა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სუბტროპიკებში დანერგილი ლიმონის მალსეკოგამძლე და შედარებით ყინვაგამძლე ჯიში “დიოსკურია”, რომელმაც სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.
მიღწეული შედეგები განაპირობა იმ დროისათვის ციტრუსოვანი კულტურების სელექციის ხაზით შექმნილმა, შესწავლილმა და ერთ ადგილზე (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის – ციტრუსოვან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის ლაბორატორიაში) თავმოყრილმა მდიდარმა სელექციისათვის საწყისმა მასალამ.
აფხაზეთის ცნობილი მოვლენების გამო, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად უნივერსიტეტი) ციტრუსოვან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიასთან ერთად სოხუმიდან გადმოვიდა ქ. ქუთაისში. სელექციისათვის საწყისი მასალის გენოფონდი კი დარჩა სოხუმში და თითქმის მთლიანად განადგურდა.
მუშაობის ძირითადი მიმართულება და შედეგები
სელექციისათვის საწყისი მასალის გენოფონდის აღსადგენად ჩატარებული იქნა გარკვეული სამუშაოები, რომლებიც დღესაც გრძელდება წარმატებით. ამჟამად შექმნილია სელექციისათვის საწყისი მასალის საკოლექციო ნაკვეთები, სადაც თავმოყრილია საკმაო რაოდენობით ციტრუსოვანთა სახეობები, ფორმები, ჯიშები, მუტანტები, პოლიპლოიდები და სხვა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ საწყისი მასალის გენოფონდი არასრულია, საჭიროებს სრულყოფას. სელექციისათვის საწყისი მასალის გენოფონდის სრულყოფა უნდა მოხდეს როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ფლორის ბაზაზე. ამ ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელია გამოყენებულ იქნას:
1. ჰიბრიდიზაცია, როგორც სელექციისათვის საწყისი მასალის შექმნის ძირითადი საშუალება, ფორმათა წარმომქმნელი პროცესების ფართო სპექტრით. 2. სელექციისათვის სხვა მეთოდების: ექსპერიმენტალური მუტაგენეზის, პოლიპლოიდიის, ნუცელარული პოლიემბრიონიისა და სხვათა გამოყენებით მიღებული გენეტიკურად შეცვლილი, სელექციისათვის პერსპექტიული ფორმები. 3. სელექციისათვის პერსპექტიული ფორმები და მუტანტები წარმოქმნილი ციტრუსოვნებისათვის დამახასიათებელი პოლიმორფიზმისა და სპონტანური მუტაგენეზის გზით. 4. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ექსპედიციის გზით ციტრუსოვანთა გამოვლენილი, სამეურნეო ნიშან-თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავებული სელექციისათვის პერსპექტიული ფორმები. 5. პოლიემბრიონიის გზით მიღებული ჰიბრიდული ბუნების ნუცელარული ნათესარები.
ლაბორატორიაში საწყისი მასალის შექმნის პარალელურად განხორციელებული იქნა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები სელექციის სხვადასხვა მეთოდების გამოსაცდელად ციტრუსოვანთა ძირითად კულტიგენებზე მაღალპროდუქტიული, ადრემწიფადი, ყინვაგამძლე და დაავადებებისადმი იმუნური ჯიშების მისაღებად. სახელდობრ, მიღებულ იქნა გამორჩევის გზით მანდარინ უნშიუს პოპულაციებიდან ადრემწიფადი, უხვმსხმოიარე და შედარებით ყინვაგამძლე ფართოფოთლიანი მანდარინ უნშიუს კლონი #2 და ქართული ლიმონის კლონი #2, აგრეთვე შორეული ჰიბრიდიზაციის გზით გრეიფპრუტ დუნკანის ბრტყელნაყოფა ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ხასიათდება შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობითა და ნაყოფების ადრე მწიფადობით. გარდა ამისა კვლევის შედეგად გარკვეული მიღწევებია ციტრუსოვანთა შორეულ ჰიბრიდიზაციაში გენეტიკურად სრულიად ახალი პერსპექტიული რეკომბინანტების (მანდარინ უნშიუს კლონი #2, ქართული ლიმონის კლონი #2 და გრეიფპრუტ დუნკანის ბრტყელნაყოფა ჰიბრიდული ფორმა, როგორც დედა კომპონენტები, ხოლო ციტრუს იჩანგენზისი (ჩინეთიდან) და ტრიფოლიატა ადრემსხმოიარე, როგორც მამა კომპონენტები) გამოყენების შემთხვევაში. ასეთი კომბინაციური ჰიბრიდიზაციისას მიიღება ფორმათა მრავალფეროვნება ერთის მხრივ მშობელთა ფენოტიპური ნიშნებით დომინირებული და მეორეს მხრივ ხარისხობრივად განსხვავებული ჰიბრიდული ფორმები სხვადასხვა გარდამავალი საფეხურით მშობელთა კომპონენტებს შორის. აგრეთვე მიღებულ იქნა სრულიად განსხვავებული ფორმებიც. გამოყენებული სელექციური ფორმების შემდგომი სელექცია, მათი ჯიშურ კონდიციამდე დაყვანა უტყუარი გარანტიაა იმისა, რომ მიიღება ციტრუსოვანთა შედარებით ყინვაგამძლე, მაღალმოსავლიანი, ადრემსხმოიარე და კარგი ხარისხის ნაყოფის მომცემი ახალი ფორმები და ჯიშები.